გეოგრაფიის

გეოგრაფიის შესწავლის ობიექტი

გეოგრაფია მეცნიერებაა ბუნებასა და საზოგადოებაში მიმდინარე გეოგრაფიული პროცესების შესახებ. სიტყვა “გეოგრაფია” ბერძნულია. “გეო” დედამიწას, “გრაფოს” აღწერას, ე.ი. დედამიწის აღწერას ნიშნავს.
ტერმინი “გეოგრაფია” ბერძენმა მეცნიერმა ერასტოთენემ შემოიღო (ძვ.წ. III-II საუკუნეების მიჯნა) და მანვე დაწერა წიგნი “გეოგრაფია”.

დღეს გეოგრაფია აღწერილობითი მეცნიერება აღარაა, იგი კვლევითი და გამოყენებითი ხასიათისაა, მისი კვლევის საგანი და ობიექტი კი გეოგრაფიული გარსია. თანამედროვე გეოგრაფია სწავლობს და იკვლევს გეოგრაფიული გარსის აგებულებას, მის ცალკეულ ელემენტებსა და მათ შორის არსებულ კავშირებს, მათში მიმდინარე პროცესებს, მისი განვითარების ზოგად კანონზომიერებებს. გეგრაფიული გარსი ყველაზე მსხვილი გეოგრაფიული სისტემაა, რომლის გავრცელების საზღვრები მკაფიოდ არ არის გამოხატული. თუმცა, მეცნიერთა ვარაუდით ლანდშაფტური გარსის სისქე დაახლოებით 40-45 კმ-ია.

=> შეგიძლიათ გამოიყენოთ კონსპექტები გეოგრაფიაში I

თანამედროვე გეოგრაფია ორი ნაწილისგან – ფიზიკური და საზოგადოებრივი გეოგრაფიისგან შედგება. ფიზიკური გეოგრაფია ბუნებასა და მასში მიმდინარე პროცესებს შეისწავლის, საზოგადოებრივი გეოგრაფია კი მოსახლეობასა და მეურნეობას სწავლობს.

ფიზიკური გეოგრაფია (საბუნებისმეტყველო) : დედამიწათმცოდნეობა, გეომორფოლოგია, კლიმატოლოგია, ოკეანოლოგია, ხმელეთის ჰიდროლოგია, ლანდშაფტმცოდნეობა, ბიოგეოგრაფია, ნიადაგების გეოგრაფია.

საზოგადოებრივი გეოგრაფია: ეკონომიკური გეოგრაფია, სოციალური გეოგრაფია, მოსახლეობის გეოგრაფია, პოლიტიკური გეოგრაფია.

საზოგადოებრივ-საბუნებისმეტყველო გეოგრაფია: ქვეყანათმცოდნეობა, ისტორიული გეოგრაფია, რესურსების გეოგრაფია, რეგიონალური გეოგრაფია, რეკრეაციული გეოგრაფია, გეოგრაფიული ეკოლოგია.

გეოგრაფიული კარტოგრაფია: რუკათმცოდნეობა, რუკების შედგენა, კარტოგრაფიის ისტორია.

=> შეგიძლიათ გამოიყენოთ კონსპექტი: ზოგადი გეოგრაფია

გეოგრაფიის შესწავლა მნიშვნელოვანია რათა შევიცნოთ გარემო; დავადგინოთ გეოგრაფიული ობიექტის ან მოვლენის ადგილ-მდებარეობა; დავადგინოთ გეოგრაფიული ობიექტის ან მოვლენის რაობა; შევძლოთ მსჯელობა თუ რატომ ხდება სხვადასხვა მოვლენა თუ პროცესი; განვსაზღვროთ როგორ ვითარდება ესა თუ ის მოვლენა, როგორი შედეგით დასრულდება და როგორ უნდა მოვიქცეთ ზიანის თავიდან ასაცილებლად.

გამოყენებული ლიტერატურა: ბლიაძე მაია, ჭანტურია გია, დავით კერესელიძე. “გეოგრაფია – თეორიული კურსი აბიტურიენტებისათვის”. ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა. 2013 წ.

თქვენი online რეპეტიტორი