გეოგრაფიის კვლევის

გეოგრაფიის კვლევის მეთოდები

გეოგრაფიული კვლევები დღესაც გრძელდება. ბუნებაში მიმდინარე პროცესებზე დაკვირვება, მათი გამომწვევი მიზეზების დადგენა და სათანადო დასკვნების გაკეთება გეოგრაფების გარეშე წარმოუდგენელია.

თანამედროვე გეოგრაფია წარმოუდგენელია გეოინფორმატიკის გარეშე, რომელიც გეოგრაფიულ ინფორმაციულ სისტემებს (გის) ადგენს. იგი მოიცავს კომპიუტერულ რუკებს, მონაცემთა ბაზას – გეოგრაფიულ ინფორმაციებს და მათი კომპოუტერული მართვის სისტემებს. გის-ის საშუალებით სპეციალისტებს შეუძლიათ ამოხსნან მთელი რიგი გეოგრაფიული ამოცანები, შექმნან “მოაზროვნე რუკები”. მაგალითად, ამინდის პროგნოზის, მთის ფერდობზე ტყის გაჩეხვის შედეგად რელიეფის შესაძლო ცვლილებების, მდინარეთა წლიური ჩამონადენისა და სხვა სახის რუკები.

=> საინტერესოა 20 რამ რაც გეოგრაფიაში უნდა იცოდეთ

დაკვირვება გეოგრაფიული კვლევის ერთ-ერთი უმთავრესი მეთოდია. დაკვირვება არსებობს სამარშრუტო და ფართობული (მოედნური), პერიოდული და უწყვეტი, სტაციონარული (ადგილობრივი) და დისტანციური. დაკვირვების შედეგად მნიშვნელოვან ფიზიკურ მონაცემებს მიიღებთ გეოგრაფიული ობიექტების, მათი განვითარებისა და ცვლილებების შესახებ. გეოგრაფიული ობიექტების აღწერა, ნიმუშების შეგროვება, მოვლენებსა და პროცესებზე დაკვირვება საველე დაკვირვებების საშუალებით ხდება.

თანამედროვე აერო და კოსმოსური გადაღებები დიდ დახმარებას გვიწევს გეოგრაფიის შესწავლის, რუკების შექმნის პროცესში, მეურნეობის განვითარებისა და ბუნების დაცვის სფეროში კაცობრიობის მრავალი პრობლემის გადაჭრისას.

კარტოგრაფიული მეთოდი საშუალებას გვაძლევს, შევისწავლოთ ობიექტებისა და მოვლენების სივრცობრივი განლაგების კანონზომიერებანი და ტერიტორიული კომპლექსების განვითარება გეოგრაფიული რუკების შედგენისა და გამოყენების გზით.

სტატისტიკური მეთოდი საშუალებას გვაძლევს, მონაცემთა დამუშავების გზით განვსაზღვროთ ურთიერთდამოკიდებულება ბუნებრივ კომპონენტებს, მოსახლეობასა და მეურნეობას შორის და შევადაროთ ისინი ერთმანეთს.

მათემატიკური მეთოდი კი სხვადასხვა გამოთვლის საშუალებით გეოგრაფიული ობიექტებისა და მოვლენების რაოდენობრივ მნიშვნელობებს ადგენს.

=> საინტერესოა გეოგრაფიის მიმართულებები

თანამედროვე გეოგრაფია არა მხოლოდ აღწერს შესასწავლ ობიექტს ან მოვლენას, არამედ წინასწარმეტყველებს იმ შედეგებს, რომლებიც შეიძლება მომავალში კაცობრიობის წინაშე წარმოიქმნას. გეოგრაფიული პროგნოზი გვეხმარება, თავიდან ავიცილოთ ბევრი არასასურველი მოვლენა, შევამციროთ ბუნებაში ადამიანის საქმიანობის ნეგატიური ზემოქმედება, რაციონალურად გამოვიყენოთ რესურსები, გადავჭრათ გლობალური პრობლემები.

გამოყენებული ლიტერატურა: გამოყენებული ლიტერატურა: ბლიაძე მაია, ჭანტურია გია, დავით კერესელიძე. “გეოგრაფია – თეორიული კურსი აბიტურიენტებისათვის”. ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა. 2013 წ.

თქვენი online რეპეტიტორი