გაერთიანებული ერების ორგანიზაცია

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია

საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის ერთ-ერთი უმთავრესია გაერთიანებული ერების ორგანიზაცია (გაერო). 

იგი 1945 წელს შეიქმნა აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, ჩინეთისა და საბჭოთა კავშირის ინიციატივით. გაეროს მუშაობა გაეროს წესდებაში ასახულ გარკვეულ შეთანხმებებს ეყრდნობა და ამ ორგანიზაციის მიზნებს განსაზღვრავს. გაეროს წესდება 1945 წლის 24 ოქტომბერს შევიდა ძალაში და ამიტომ ეს დღე მთელ მსოფლიოში აღინიშნება, როგორც გაეროს დღე.

ამჟამად გაეროში 195 წევრი სახელმწიფოა. ნებისმიერი ქვეყანა, როგორი სიდიდისაც უნდა იყოს ან რამდენი ადამიანიც უნდა ცხოვრობდეს იქ, გაეროს გენერალურ ასამბლეაში ერთი ხმის უფლებით სარგებლობს. საქართველო გაეროში 1992 წლის 31 ივლისს გაწევრიანდა.

გაეროს ემბლემა 1945 წელს სან-ფრანცისკოში გამართულ გაეროს დამფუძნებელთა კონფერენციისათვის შეიმუშავეს, გაეროს დროშა კი, რომელზეც ეს ემბლემაა გამოსახული, 1947 წლიდან გამოიყენება. 

გაეროს შტაბ-ბინა ნიუ-იორკში, მანჰეტენის აღმოსავლეთ ნაწილში, ისთ-რივერის სანაპიროზე მდებარეობს. გაეროს ცენტრალური ოფისის კომპლექსი ოთხი შენობისაგან შედგება  და მოიცავს : გენერალური ასამბლეის კორპუსს, სამდივნოს 39-სართულიან შენობას, საკონფერენციო კომპლექსსა და დაგ ჰამერშელდის სახელობის ბიბლიოთეკას. გაეროს კომპლექსი საერთაშორისო ზონაში, ნეიტრალურ ტერიტორიაზეა, ამიტომ მას საკუთარი დროშა, დაცვა, პოლიცია, პასპორტი, საფოსტო მარკები და სხვა ატრიბუტიკა აქვს. გაეროს წევრი სახელმწიფოების დროშები პირველ ავენიუზეა განთავსებული. გაეროს შენობების კომპლექსი ორგანიზაციას ბანკირმა ჯონ როკფელერმა აჩუქა.

=>საინტერესოა ძირითადი მთავრობათაშორისი ორგანიზაციები

გაეროს მიზნებია:

1. მშვიდობა: შენარჩუნებულ იქნას საერთაშორისო მშვიდობა და უსაფრთხოება და მიღებულ იქნას ერთობლივი ზომები კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადასაწყვეტად.

2. მეგობრული ურთიერთობები: ჩამოყალიბდეს ერებს შორის მეგობრული ურთიერთობები, რომლებიც დაემყარება ხალხების თვითგამორკვევის უფლებათა და ერთა უფლებრივი თანასწორობის პრინციპს.

3. ბოლო მოეღოს სიღატაკეს , ხელი შევუწყოთ ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვას: ურთიერთთანამშრომლობით ბოლო მოეღოს სიღატაკეს, ავადმყოფობასა და უწიგნურობას მსოფლიოში. უზრუნველყოფილ იქნას და გაღვივდეს პატივისცემა ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებებისადმი.

4. კოორდინირებული ძალისხმევა: დასახულ მიზანთა მისაღწევად, გაერო იქცეს ცანტრად, რომელიც უზრუნველყოფს ერთა ჰარმონიულ თანაქმედებას.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

1. ბლიაძე მაია, ჭანტურია გია, დავით კერესელიძე. “გეოგრაფია – თეორიული კურსი აბიტურიენტებისათვის”. ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა. 2013 წ.

თქვენი online რეპეტიტორი

[adblockingdetector id="59e92bb7c3879"]