აკაკი წერეთელის ,,გამზრდელი"-ს განხილვა

აკაკი წერეთელის ,,გამზრდელი”-ს განხილვა

  • ზია-ხანუმისა და საფარ ბეგის სიყვარული
  • ბათუსა და ნაზიბროლას სიყვარული
  • პერსონაჟთა მხატვრული სახე
  • ჰაჯი-უსუბის ზნეობრივი შეფასება

,,გამზრდელი”
ბათუსთან საფარ-ბეგის სტუმრად მისვლის სცენაში არის ასეთი მეტაფორა: საფარი ხუმრობით ისე იქცევა, თითქოს უცხოა, საგანგებოდ იფარავს სახეს და ბათუ მას ვერ ცნობს – საფარ-ბეგი შეცვლილია, მას ახლა სხვა სახე აქვს, ბათუსთვის დაფარული და უცნობი.
საფარ-ბეგს ზნეობრივ სახეს ზია-ხანუმთან ურთიერთობა უცვლის, უმღვრევს. საფარი უკვე უზნეობის გზაზეა დამდგარი (ზია-ხანუმის დავალება ქურდობისკენ, ყაჩაღობისკენ უბიძგებს), ამ გზას მიყავს ბათუს ოჯახში და იმ ბოროტებამდე, რომელსაც იქ ჩადის.
საფარ-ბეგის და ზია-ხანუმის ურთიერთობაში მთავარია ამ ადამიანების პატივმოყვარეობა, ამბიცია. მამაკაცების გულის დაპყრობით, იმით, რომ მათ თავის ნებაზე ათამაშებს, ზია-ხანუმი, საბედისწერო ქალის ტიპის განსახიერება, პატივმოყვარეობას და ძალაუფლებისმოყვარეობას იკმაყოფილებს, ტკბება საკუთარი მომხიბვლელი ძალით და მისი საფარ-ბეგთან დამოკიდებულებაც ამგვარია. თუმცა ვერც ზია-ხანუმისადმი საფარის დამოკიდებულებას მივიჩნევთ ნამდვილ სიყვარულად, მასაც პატივმოყვარეობა ამოძრავებს – გამორჩეული ქალის ყურადღების და სიმპათიის მოპოვება მისთვის საპატიოა. საფარს რომ ზია-ხანუმი მართლა უყვარდეს, ის ვერ ჩაიდენდა იმას, რაც ბათუს ოჯახში ჩაიდინა. საფარის გრძნობა ნამდვილი რომ არ არის, ამას მოწმობს მის მიერ ზია-ხანუმის დავალების სხვისთვის დაკისრებაც – იგი აპირებს სხვისი გაკეთებული საქმე მიიწეროს, ანუ გულწრფელი არ არის ქალის წინაშე. საფარის შელახული მორალი მეგობართან მის ურთიერთობასაც აყალიბებს – ზია-ხანუმის დავალების შესრულებაში დახმარებას რომ თხოვს ბათუს, საფარი მას ფაქტობრივად უზნეო საქმის, ქურდობის ჩადენას ავალებს, თვითონ კი არც იღებს მონაწილეობას საკუთარი საძრახისი და სახიფათო ჩანაფიქრის განხორციელებაში. საფარის დამოკიდებულება ბათუსადმი სინამდვილეში ანგარებიანია, გამოყენებითია. ყოველივე ეს შეამზადებს მის სრულ მორალურ კრახს.
განსხვავებით ზია-ხანუმისა და საფარის ურთიერთობისგან, რომელიც დამყარებულია ეგოიზმზე, პატივმოყვარეობაზე, სიცრუეზე, ბათუს და ნაზიბროლას სიყვარული ნამდვილია, წრფელია და ამიტომ მასში ეგოიზმის და თავმოთნეობისთვის, სიცრუისთვის ადგილი არ რჩება. ნაზიბროლას მორალურად არ შეუძლია შეინიღბოს ბათუს წინაშე, დაუმალოს მომხდარი, ხოლო ბათუს დამოკიდებულება ცოლისადმი ცხადყოფს მის თავისუფლებას ეგოისტური სიამაყისგან, თავმოთნეობისგან. ბათუს ურთიერთობა ცოლთან აღაზასადმი ჯოყოლას დელიკატურობას გვახსენებს. ბათუს და ნაზიბროლას სიყვარული უმძიმეს განსაცდელს გაუძლებს, გადარჩება, რადგან ჭეშმარიტია.
ზნეობრივი განსაცდელი, რომელიც ბათუს ხვდა წილად, მას მარტო მისი სიყვარულის დანგრევით კი არა, იმითაც ემუქრება, რომ შეიძლება საკუთარი ძიძიშვილის მკვლელად იქცეს. ის ახერხებს ამის თავიდან აცილებას იმით, რომ სჯის ცოდვილს არა ფიზიკური ანგარიშსწორებით, არამედ სინდისის ქენჯნით და სირცხვილით, ამარცხებს, თრგუნავს მას თავისი მორალური სიმაღლით. შესაძლოა, განსაცდელისთვის თავის ღირსეულად დაღწევას ბათუს უადვილებს ის, რომ მან მომხდარი მის მიერ ჩადენილი ქურდობის სამართლიან ღვთაებრივ საზღაურად ჩათვალა – ბათუს საუბარი ცოლთან საფუძველს გვაძლევს, ასე ვიფიქროთ.
ბათუს წინაშე თავს შერცხვენილად საფარ-ბეგის გარდა ჰაჯი-უსუბიც გრძნობს, რომელსაც მან საფარის პირით არსებითად ის შეუთვალა, რომ ზნეობრივი შეფასება უნდა მიეცა არამარტო საფარის სამარცხვინო საქციელისთვის, არამედ საკუთარი სამარცხვინო მდგომარეობისთვისაც, რომელშიც აღმოჩნდა როგორც საფარის აღმზრდელი. ეს კაცი კი თავისი არსებობის აზრს, მთელ თავის ღირსებას სწორედ აღმზრდელობაში ხედავს. ბათუს მიერ გამოჩენილი სულგრძელობა, მისი ზნეობრივი სიმაღლე კიდევ უფრო დამთრგუნველს ხდის ჰაჯი-უსუბისთვის საფარის სულმდაბლობას, კიდევ უფრო უმძაფრებს მას სირცხვილის გრძნობას. იგი ვერ ეგუება, რომ ასეთი ღირსეული კაცის თვალში დამცირებული ჩანდეს. ბათუს წინაშე სირცხვილის ჩამორეცხვის და ღირსების აღდგენის სურვილი უბიძგებს ჰაჯი-უსუბს თვითმკვლელობისკენ, ეს არის მისი ქცევის რეალური ფსიქოლოგიური მოტივი. თუ ეს მოტივი მხედველობის მიღმა დაგვრჩება, შეიძლება ჰაჯი-უსუბის თვითმკვლელობა ნაკლებად დამაჯერებელი , ,,თეატრალური” მოგვეჩვენოს.