ავთანდილის წასვლა ფრიდონისას - განხილვა

ავთანდილის წასვლა ფრიდონისას – განხილვა

მოძმის მოშორებით შეწუხებული ავთანდილი მწარედ ტიროდა, მისი მოთქმა-ვაება ცასა სწვდებოდა. წუთისოფელს დიდი სამდურავი უთხრა:

“ვა, სოფელო, რაშიგან ხარ, რას გვაბრუნვებ, რა ზნე გჭირსა,
ყოვლი შენი მონდობილი ნადაგმცა ჩემებრ ტირსა,
სად წაიყვან სადაურსა, სად აღუფხვრი სადით ძირსა?!
მაგრამ ღმერთი არ გასწირავს კაცსა, შენგან განაწირსა.”

რაოდენ მაშინ მისი ნახვა მეამა და გავიხარე, ახლა უმისობა ისევე მეძნელება და ვერ ამიტანია, რა ვქნა, ასეთი ვარო, “კაცი არ ყველა სწორია, დიდი ძეს კაცით კაცამდის”.
ავთანდილის თვალთაგან დადენილი სისხლის ცრემლით გზად მხეცნი ძღებოდნენ, გულს შემონთებული ცეცხლი ვერა და ვერ გაენელებინა. თინათინის მოგონება ხომ კიდევ მეტი ურვითა და ვარამით ავსებდა. მაგრამ მწუხარეც კი უებრო მშვენებით გაბრწინებულიყო: “ბაგეთათ ვარდსა ანათობს ბროლი ძოწისა ძირითა”. უზომო დარდი და ნაღველი მაინც თავის დაღს ასვამდა:

“ვარდი ჭნებოდა, ღრებოდა, ალვისა შტო ირხეოდა,
ბროლი და ლალი გათლილი ლაჟვარდად გარდიქცეოდა,
გამაგრებოდა სიკვდილსა, ამისთვის არ უმხნეოდ ა.
იტყვის, თუ: `ბნელი რას მიკვირს, რათგან დაგაგდე, მზეო, და!”

– მე შენში, მზეო, თინათინის ღაწვთა ელვარებას ვხედავ, “შენ მას ჰგავ და იგი შენ გგავს, თქვენ ანათობთ მთად და ბარად”, გაშმაგებულს შენი ხილვა მახარებს და მიტომ შემოგცქერი თვალმოუშორებლივ, შენ კი რად მომიძულე და გულს რად არ მითმობ? – ცრემლით შეჰღაღადებდაა მზეს ავთანდილი.
– ზამთარში, ერთი მზე რომ გვშორდება, გვცივა და ვწუხვართ. მე ორ მზეს ერთად მოვშორებივარ და გული როგორ არ დამიწყლულდეს, კლდე ხომ არა ვარ, უგრძნობელი და უტკივარი?! ამ წყლულს ვერა დასტაქარი ვერას უშველის. მისმინე, მზეო, გევედრები `შენ, უმძლესთა მძლეთა მძლესა, ვინ მდაბალთა გაამაღლებ, მეფობასა მისცემ, სვესა”, ნუ, გულის საყვარელს ნუ გამყრი და დღეს ღამედ ნუ შემიცვლი!
– მოდი, ზუალო, მომიმატე ცრემლი და ურვა, “გული შავად შემიღებე” და მიმეცი უკუნ სიბნელეს, კაეშანი მძიმე ტვირთად შემომახვიე, ოღონდ მას უთხარ, ნუ გამწირავს, მისი ვარ და მისთვის მტირალი!
– მუშთარო, შენ გემუდარები, ჭეშმარიტსა და ღვთიურ მსაჯულს, მოდი, ჩემს გულში ჩამოიხედე და ისე გამსაჯე: `მართალი ვარ, გამიკითხე, რად მაწყლულებ მისთვის წყლულსა?!” იცოდე, სწორს ნუ ამრუდებ, სულს ნუ წაიწყმედ!

“მოდი, მარიხო, უწყალოდ დამჭერ ლახვრითა შენითა,
შე-ცა-მღებე და შემსვარე წითლად სისხლისა დენითა,
მას უთხრენ ჩემნი პატიჟნი, მას გააგონენ ენითა,
რაგვარ გასრულ ვარ, შენ იცი, გული არღარას ლხენით-ა.

მოდი, ასპიროზ, მარგე რა, მან დამწვა ცეცხლთა დაგითა,
ვინ მარგალიტსა გარეშე მოსცავს ძოწისა ბაგითა;
შენ დააშვენებ კეკლუცთა დაშვენებითა მაგითა,
ვისმე ჩემებრსა დააგდებ, გაჰხდი ცნობითა შმაგითა.

ოტარიდო, შენგან კიდე არვის მიგავს საქმე სხვასა:
მზე მაბრუნვებს, არ გამიშვებს, შემიყრის და მიმცემს წვასა;
დაჯე წერად ჭირთა ჩემთა, მელნად მოგცემ ცრემლთა ტბასა,
კალმად გიკვეთ გაწლობილსა ტანსა, წვრილსა ვითა თმასა.”

– მოდი, მთვარეო, შემიბრალე შენებრ მიმცხრალი! მეც ხომ შენებრ ხან გამავსებს მზე ნათლით და ხან ასე გამლევს. ჩემს მზეს უამბე, რანაირად ვიტანჯები და გონსა ვკარგავ, უთხარ, მისი ვარ, მისთვის ვკვდები და ნუ გამწირავს.
– აჰა, შვიდნივე მნათობნი ცისა, ჩემო, ჩემთვის რომ შუქმიბნედილან, მემოწმებიან, რა უშრეტი ცეცხლითაც ვიწვი, ნეტავი, შენ შეგატყობინონ!
მხნეობა მოიკრიბა და გულს იმშვიდებდა: კმარაო ამდენი ცრემლი და ვაება, თავი მოვიკლა, აბა, რას გვარგებს, დაგმე ეშმაკი, ნუ აჰყოლიხარ იმის ცთუნებას! მეც ხომ ვიცი, რა უებრო მშვენება ამკობს ჩემს გამხელებელს, ვისაც “თმად ყორნის ბოლო სთმობია, მაგრა, თუ ჭირსა არ დასთმობ, ლხინი რა დასათმობია!” გაუძელ, გულო, იქნებ ცოცხალი გადავრჩეთ და მისი ნახვა ისევ გვეღირსოსო.
ცრემლთა ნაკადი მაინც ვერა და ვერ დაეწყვიტა. სევდის მოსაქარვებლად სიმღერა წამოიწყო და მერე რა სიმღერა, მასთან ბულბულის გალობაც კი ბუს კივილად გეჩვენებოდა.

“რა ესმოდის მღერა ყმისა, სმენად მხეცნი მოვიდიან,
მისვე ხმისა სიტკბოსაგან წყლით ქვანიცა გამოსხდიან,
ისმენდიან, გაკვირდიან, რა ატირდის, ატირდიან,
იმღერს ლექსთა საბრალოთა, ღვარისაებრ ცრემლნი სდიან.”

ავთანდილის მისვლა ფრიდონისას
ავთანდილს ზღვის პირ-პირ ორ თვეზე მეტი ევლო. შორს ზღვაში მენავენი დაინახა, ნაპირისაკენ მოდიოდნენ. დაელოდა და ჰკითხა, მითხარით, ვინა ხართ ან ეს სამეფო ვისიაო.
მათ ქება შეასხეს და მოახსენეს: გვეუცხოვე და მოგვეწონე, გეტყვით, თუ შენი სიტურფისა და ახოვანების ჭვრეტით გონი არ დაგვეკარგაო. აქამდის თურქთა სამფლობელოა და მოსაზღვრე ჩვენი ხელმწიფეა, ფრიდონიო:

“ნურადინ ფრიდონ მეფეა ამა ქვეყნისა ჩვენისა,
მოყმე მხნე, უხვი, ძლიერი, ფიცხლად მომხლტომი ცხენისა,
ვნება არავის არ ძალ-უც მის მზისა ოდნად მშვენისა,
იგია ჩვენი პატრონი, მსგავსი ცით შუქთა მფენისა!”’

ძმანო, სწორედ რომ კარგ ხალხს გადაგეყარეთ, მე თქვენს მეფეს დავეძებ და მიმასწავლეთ, საით წავიდეო, სთხოვა ავთანდილმა, ისიც შემატყობინეთ, იქამდე რა მანძილიაო.
მენავენი წინ წაუძღვნენ, მულღაზანზარის გზაზედ გაიყვანეს და უთხრეს: ამ გზას დაადექ, ათ დღეში მიხვალ და ხმალბასრი, მშვილდფიცხელი ჩვენი ხელმწიფე იქ დაგიხვდებაო. ვაი, რომ შენ, “ნაკვთად სარო, ფერად ლალი”, გვშორდები, უცხომ უცხონი ცეცხლის ალში გაგვხვიე, დაგვწვი, დაგვდაგე და ისე გვტოვებო.
მოყმემ გაიკვირვა: ზამთრის ვარდივით ფერნაკლული შევქნილვარ და, ძმანო, ასე როგორ მოგეწონეთ, რომ ჩემთვის გული გიკვდებათო, “თქვენმცა მაშინ გენახენით, ლაღნი ვსხედით, არ საპყრულნი, ჩვენნი მჭვრეტნი დავაშვენნით”, ჩვენით ხარობდნენო.
მენავენი უკან გაბრუნდნენ და ახოვანი, გულმხნე ჭაბუკი გზას ისევ მარტო გაუდგა. მოხდენილი თოხარიკით მიჰყავდა ცხენი, გულის ნატვრას მოთქმით მიუბნობდა და ცრემლს მიაფრქვევდა: “ნარგისნი ქუხან, ცრემლსა წვიმს, ჩარცხის ბროლსა და მინასა”. ვინც კი გზად ნახა, ყველა იმის ცდაში იყო, უებრო უცნობს შეჰხიდებოდა, ერთგული ყმისაებრ ემსახურა.
რას იკითხავდა, რომ არ ეთქვათ, თუ რამ იცოდნენ. ხმა დაირხეოდა, მოდიოდნენ და მოდიოდნენ მის საჭვრეტლად, შესტრფოდნენ და შეჰხაროდნენ. მოშორება ეძნელებოდათ, “გაყრასა ძლივ დასთმობდიან”, შორს მიაცილებდნენ, მერე ბადრაგას აახლებდნენ.
გრძელი გზა ადრე გაელია და მულღაზანზარს უკვე მიახლოებული იყო, როცა შენიშნა, ლაშქარი ველ-შამბნარს გარე მოსდგომოდა და ალყა შემოერტყა, ნადირთ ყიჟინასა სცემდნენ და მუსრს ავლებდნენ: “ისრვიან და იზახიან, მხეცთა სჭრიან ვითა მჭელსა”.
წინ კაცი შემოხვდა და იმასა ჰკითხა, ეს რა ზათქის ხმა ისმისო. მან უთხრა, მულღაზანზარის ხელმწიფე ფრიდონი ნადირობსო. მოყმე ლაშქრისაკენ გაეშურა, მოხდენილად მიდიოდა უებრო მხედარი, სიხარულს შნო და ლაზათი შეემატებინა და ისე დამშვენებულიყო, ენა ვერ იტყვის:

“მისთა გამყრელთა დააზრობს, შემყრელთა დასწვავს მზე ვითა,
ნახვა მჭვრეტელთა ახელებს, ტანი ლერწამობს რხევითა.”

ალყაშემორტყმული მინდვრის შუაგულისაკენ ანაზდად ორბი გადმოფრინდა და ცაში გაინავარდა. ავთანდილმა ცხენი იქით გააქროლა, თამამად შეუტია, ისარი შესტყორცნა და ჩამოაგდო სისხლით მოსვრილი, მერე ცხენიდან ჩამოხტა, ფრთები დააჭრა და ისევ შეჯდა დინჯად, აუჩქარებლად.
რა იგი დაინახეს, მსროლელნი სროლას მოეშვნენ, ალყა მოშალეს და მოვიდნენ. ჭაბუკს გარს ეხვეოდნენ, ზოგი იქით, ზოგი აქეთ, ზოგიც უკან მოჰყვებოდა, მისი ჭვრეტით ჭკუას კარგავდნენ. ვინ არისო, ამის შეტყობა სწყუროდათ, მაგრამ კითხვა ვერ შეებედათ, სიტყვის სათქმელად ენა ვერ მოებრუნებინათ.
მინდორში ერთგან მთა აღმართულიყო. ფრიდონი ამ მთაზედ იდგა, ორმოცი კაცი ეახლებინა, “ღირსნი მას თანა სროლასა”. ავთანდილი იქით გაემართა, მოალყეთა ამალაც მოჰყვებოდა. ფრიდონს უკვირდა, ეს რა ქნესო, ლაშქარზედ გული მოსდიოდა. მსახურს უბრძანა: წადი და ნახე, ალყა რად მოშალეს, ბრმებივით საით მოეხეტებინაო.

“მონა ფიცხლად მოეგება, ნახა სარო, მორჩი ტანი,
დადგა, თვალნი გაურეტდეს, დაავიწყდეს სიტყვის თქმანი.”

ავთანდილი მიხვდა, რომ ის მსახური ფრიდონისაგან მასთან იყო მოგზავნილი, და პასუხად დააბარა: სამკვიდროს მოშორებული ერთი ვინმე უცხო ყარიბი, ტარიელის ძმადნაფიცი, თქვენ წინაშე მოვსულვარო. მსახური დაბრუნდა და ფრიდონს მოახსენა:

“უთხრა: `მზე ვნახე მოსრული, ჩანს მანათობლად დღისისად,
ვაზრობ, იგიცა დაშმაგდენ, თუ ბრძენთა ნახონ ისი სად!
ვარ ძმაო ტარიელისი შეყრად ფრიდონის მქისისად”.

ტარიელის ხსენებაზე ფრიდონს გული აუჩუყდა და ცრემლი გადმოსცვივდა: “მონაქროლმან ვარდი დაზრა, წამწამთაგან ბუქი ბუქდა”. მთა ფიცხლად ჩამოვლო და ავთანდილს ჩამოეგება.
რა დაინახა, გაოცებულმა ესა თქვა: თუ არ მზე, აბა, სხვა ვინ არისო?! მსახურის ნათქვამი ქება ფრიდონს ახლა კიდევაც ეცოტავა, სტუმარი რომ უზომოდ მოეწონა. ასევე ავთანდილიც მისით მოხიბლული იყო. ჩამოქვეითდნენ და, უცხოობით არ დარიდებიან, ერთურთს მოეხვივნენ, ხოტბას ასხამდნენ, ცრემლთა მფრქვეველნი.

“რა მჭვრეტელთა იგი ნახონ, მზე მათთანა გააფლიდონ,
მომკალ, ბაზარს სხვა მათებრი ივაჭრონ რა, ან გაყიდონ.”

ფრიდონისთანა მოყმე ხომ ძნელად თუ სადმე იპოვება, მაგრამ, ავთანდილს რომ ქება-დიდება ხვდა, მეტი აღარ ეგებოდა. ასეა, “მზე უჩინო-იქმს მნათობთა, რა ახლოს შეიყრებიან”, სანთელიც დღისით ვერ ანათებს, ღამის სიბნელეში კი მისი შუქიც კიაფობს.
ნადირობას თავი გაანებეს, შესხდნენ და სასახლისაკენ გაემართნენ. ავთანდილის სანახავად მოლაშქრენი ერთმანეთს აწყდებოდნენ, უკვირდათ, ძეხორციელი ასეთი, ნეტავ, რას შეუქმნიაო.
გზაში ჭაბუკმა ფრიდონს უთხრა: ვიცი, ისწრაფი შეიტყო, ვინა ვარ ან ტარიელს საიდან ვიცნობ და ძმობით რად ვიხსენიებო. ძმად თვითონ მიხმობს, თორემ იმისი ყმობის ღირსიც ძლივს თუ ვარო, დასძინა და თავისი ვინაობაც ამცნო:

“მე ვარ ყმა როსტან მეფისა, მოყმე არაბეთს ზრდილობით,
დიდი სპასპეტი, სახელად მიხმობენ ავთანდილობით,
ძე დიდებულთა დიდ-გვართა, ზრდილი მეფეთა შვილობით,
საკრძალავი და უკადრი, მყოფი არვისგან ცილობით”.

მერე უამბო, არაბეთში უცხო მოყმის ანაზდეული გამოჩენის დღიდან რაც თავად გადახდომოდა და ფრიდონისაგან წასულ ტარიელს რა ჭირიც გამოევლო. “მის ყმისა ცეცხლი მედების” და, მისი სიბრალულით გულგახელებული, აქეთ-იქით ვაწყდებიო, მზად ვარ ზღვა და ხმელი შევაჯერო, ოღონდ კი მისი წყლულის წამალი ვპოვო, როგომე ის მოვუძებნო, ვისიც “ჰკლავს სურვილი და ვერ-ჭვრეტა”.
მან ყველაფერი მითხრა, რა ძმობაც გქონიათ, და შენკენ ამიტომ გამოვეშურეო. აი, მიპოვნიხარ კიდეც, უებრო ვაჟკაცი, და ახლა ამასა გთხოვ:

“გამომირჩიე, სით მიჯობს ძებნა მის მზისა ზენისა,
მისთა მჭვრეტელთა ლხინისა, ვერ-მჭვრეტთა ამაზრზენისა!”

მოყმის ნაამბობმა ფრიდონიც მისებრ დარდითა და ნაღველით აავსო. თავი ვეღარ შეემაგრებინათ, ორივენი გულამოსკვნილი ქვითინებდნენ და ცრემლად იღვრებოდნენ: “მუნ ვარდსა წყლითა ცხელითა რწყვენ ტევრთა საგუბარითა”.
ლაშქარიც ერთობ ტირილსა და ვაებას მისცემოდა, ვინ სახეს იხოკდა, ვინ საკინძეს იგლეჯდა. ფრიდონი ხმამაღლა მოთქვამდა, წუთისოფლის სიმუხთლისა და გაუტანლობის მგმობარი, და შვიდი წლის უნახავ ბედკრულ მოძმეს, მის საქებრად რომ სიტყვა არ ჰყოფნიდა, მხურვალედ შეჰღაღადებდა:

“ხმელთა მზეო, სამყაროსთა მზისა ეტლთა გარდამსმელო,
მოახლეთა სალხინოო, სიცოცხლეო, სულთა მდგმელო,
ცისა ეტლთა სინათლეო, დამწველო და დამანთქმელო!”

რარიგ მწყურიაო შენი ნახვა, მაგრამ შენ ჩემთვის, აბა, სად მოიცლი! იქნებ უჩემოდ კიდევაც გირჩევნია, მე კი უშენობა ძალიან, ძალიან მიმძიმს: მას აქეთ, რაც შენ მოგშორდი, წუთისოფლის სამსალას დავსწაფებივარ და სიცოცხლე მომძულებია, ბარემ ნუმც მიცოცხლიაო უშენოდ!
გზა მოთქმა-ტირილში გალიეს. ქალაქს რომ მიუახლოვდნენ, ძლივს მაშინღა დაწყნარდნენ. ფრიდონის სასახლეს მიაშურეს, დიდებული რამ იყო, მართლაც ხელმწიფურად მორთულ-მოკაზმული. მსახურთაც ისე ტურფად ემოსათ, კაცს ეამებოდა. ყველანი უცნობ ჭაბუკს შესტრფოდნენ და შეჰხაროდნენ, თვალი ვერ მოეშორებინათ.

“ავთანდილ მჭვრეტთა აშვენებს ტურფითა აერ-ფერითა,
მელნისა ტბათა მიჯარვით ბურავს გიშრისა ჭერითა.”

მისვლისთანავე დიდი ნადიმი გაიმართა. ფრიდონი და ავთანდილი ერთად ისხდნენ, მათ ქებას რომ ენა ვერ იტყოდა: “ბროლ-ბადახშსა აშვენებდა ზოგან მინა, ზოგან სათი”. აქეთ-იქით ასამდე დიდებული გამწკრივებულიყო.

“დასხდეს, შეიქმნა პურობა, გაამრავლებდეს მახალსა,
უმასპინძლებდეს ავთანდილს, ვითა მზახალი მზახალსა,
მოიღებდიან ჭურჭელსა ტურფასა, ახალ-ახალსა
მაგრა მის ყმისა მჭვრეტელთა გული მიეცა, გლახ, ალსა.”

ის დღე ნადიმობაში მიიწურა. რა დილა გათენდა, “ბანეს ავთანდილ” და ტურფაზე ტურფა შესამოსელით შემოსეს, წელთ ხომ ისეთი სარტყელი შეარტყეს, ფასი არ დაედებოდა. ჭაბუკი მულღაზანზარს რამდენსამე დღეს დარჩა.
ფრიდონს სასეირნოდ და საასპარეზოდ დაჰყავდა, ერთად ნადირობდნენ. ავთანდილის ნასროლი ისარი “სწორად ჰხოცდის შორს და ახლოს”, მშვილდოსანნი ერთობ დაეწბილებინა, არავინ იყო მისი ბადალი. წასვლას ესწრაფოდა, მეტი მოცდა აღარ შეეძლო.
– შენი დაშორება სიკვდილივით მიმძიმს, – უთხრა მან ფრიდონს, – მაგრამ რა ვქნა, “არა მცალს დღე-კრულსა, ცეცხლი მწვავს მოუთმინები”, წინ გრძელი გზა და სასწრაფო საქმე მიძევს, მე კი ძლიერ ვაყოვნებ, ვიგვიანებ. მოგეხსენება, “დგომა მგზავრისა ცთომაა”, და უნდა ვიჩქარო, დღეს უეჭველად უნდა წავიდე. ესაა, რომ ცეცხლზე კიდევ ცეცხლს მიკიდებს, გული მიკვნესის, ცრემლი მერევა, ან კი შენს გამყრელს სხვა რაღა მმართებს! ახლა მამასა გთხოვ, ზღვის პირას წამომყვე და, “სადა გინახავს იგი მზე”, იქ მიმიყვანო.
– ვიცი, აღარ გცალია, “შენ ლახვარი სხვა გესობის”, და დარჩენას ვერცა გთხოვ, – მიუგო ფრიდონმა, – წადი, ღმერთმა გიწინამძღვროს, მტერიმც დაგმარცხებია, მაგრამ მე რა ვქნა, უშენობას როგორ გავუძლო! იცოდე, მარტო ვერ გაგიშვებ, ეგ არ იქნება, მსახურთ გაახლებ და მცირე ბარგიც დაგჭირდება, “არ წაიტან, გაირჯები ღაწვი-ვარდი ცრემლ-ნადენი”.
სტუმარს უარი არ უთქვამს, დაუმადლა. მასპინძელმაც აღარ დაახანა და გულით მისანდო ოთხი მსახური მოჰგვარა, ერთ კაცს რაც აბჯარი უნდოდა, უკლებლივ მოართვა, ერთი უებრო ტაიჭიც უძღვნა, მდიდრულად შეკაზმული, წვივმაგარ ჯორს საგებელი აუკიდა, ოქროც ბევრი გაატანა.
მერე ფრიდონი თავად შეჯდა და გვერდით ამოუდგა, განშორების მომლოდინე გულდამწვარი მოთქვამდა: “თუმცა მზე გვეახლა, ჩვენ ზამთარი ვერ დაგვზრვიდა”. ავთანდილი მიდისო, ამბავი მთელ ქალაქს მოედო. ვინ სად იყო, ყველაფერს თავი ანებეს და დაღონებულნი მოაწყდნენ:

“ხმა ზახილისა მათისა ჰგვანდა აერთა ქუხილსა,
იტყოდეს: `მზესა მოვჰშორდით, მო, თვალნი მივსცნეთ წუხილსა!”

ფრიდონმა ავთანდილს ზღვის ნაპირას ის ადგილი უჩვენა, სადაც ნესტანი ენახა. გულმოკლულნი “მუნ დაადენდეს ნაკადსა სისხლისა ცრემლთა ტბისასა”.
ფრიდონმა უამბო: მონა ზანგებმა აქ “მზე მოიყვანეს ნავითა, კბილ-თეთრი, ბაგე-ბადახში”, შავთვალა იყოო. გადავწყვიტე, დატყვევებული მნათობი ხმლით გამომეხსნა, და ცხენი ფიცხლად გავაქროლე, მაგრამ შორიდანვე შემნიშნეს და გამექცნენ, ნავს ისე მიასრიალებდნენ, გეგონებოდა მიფრინავსო.
მეტი აღარა უთქვამთ რა. ერთმანეთს მოეხვივნენ, აკოცეს და წავიდა ავთანდილი, “გაიყარნეს გაუყრელნი ძმად-ფიცნი”, ურვა-ვარამი რომ ერთობ გაახლებოდათ.

წყარო: aura.ge/103-sabavshvo/1691-shota-rustaveli–vefxistkaosani-shinaarsi.html

თქვენი online რეპეტიტორი