ადამ სმიტი

ადამ სმიტი

ადამ სმიტი დაიბადა კერკოლდში, ფაიფის ოლქში, შოტლანდიაში. მამამისი, რომელსაც ასევე ადამი ერქვა, მწერალი, ადვოკატი, სამხედრო პროკურორი და კერკოლდის სასაზღვრო პუნქტის კონტროლიორი იყო. დედა, მარგარეტ დუგლასი მიწათმფლობელი ჯონ დუგლასის ქალიშვილი იყო. მათ 1720 წელს იქორწინეს. მამამისი ადამის დაბადებიდან ორ თვეში დაიღუპა. ადამის შოტლანდიის ეკლესიაში, კერძოდ კი კერკოლდში მონათვლის თარიღად 1723 წლის 5 ივნისი ითვლება, ამავე თარიღს განიხილავენ მისი დაბადების თარიღადაც, რომელიც სინამდვილეში უცნობია. სმიტის ბავშვობის შესახებ არსებული ცნობები შოტლანდიელი ჟურნალისტის ჯონ რეის დამსახურებაა, იგი სმითის ბიოგრაფი იყო. მანვე გააკეთა ჩანაწერი იმის შესახებ, თუ როგორ ჰყავდათ 3 წლის სმითი ტყვედ ბოშებს, მანამ სანამ მის დასახსნელად არ მივიდნენ სხვები. იმის ფონზე, რომ მას მამა ადრეულ ასაკში გარდაეცვალა, დედასთან ძალიან ახლო ურთიერთობა ჰქონდა, სწორედ მან უბიძგა ადამსს გაჰყოლოდა თავის აკადემიურ მისწრაფებებს. სმითი სწავლობდა კერკოლდის თვითმმართველ სკოლაში 1729–1737 წლებში, რომელსაც ჯონ რეი ახასიათებს, როგორც იმდროინდელი შოტლანდიის ერთ-ერთ საუკეთესო სკოლას, იგი სწავლობდა ლათინურ ენას, მათემატიკას, ისტორიასა და დამწერლობას.
სმიტმა გლაზგოს უნივერსიტეტში სწავლა 1737 წელს, თოთხმეტი წლის ასაკში დაიწყო, სწავლობდა ეთიკას, მის შეხედულებებსა და ნაშრომებში იგრძნობა ფრენსის ჰატჩესონის გავლენა. უნივერსიტეტში სწავლისას ილტვოდა თავისუფლების, გონებრივი განვითარებისა და სიტყვის თავისუფლებისკენ. 1740 წელს მიიღო ხელოვნების მაგისტრის ხარისხი და ნაწილობრივი სტიპენდია ოქსფორდის უნივერსიტეტში სწავლის გასაგრძელებლად, სადაც 1746 წლამდე სწავლობდა ფილოსოფიასა და ლიტერატურას.
1748—1750 წლებში სმიტი ლიტერატურასა და ბუნებით სამართალში საჯარო ლექციებს კითხულობდა ედინბურგში. 1751 წლიდან ლოგიკის პროფესორი გლაზგოს უნივერსიტეტში, 1752 წლიდან — ზნეობრივი ფილოსოფიის პროფესორი. 1755 წელს გამოაქვეყნა თავისი პირველი სტატიები ჟურნალში „ედინბურგული მიმოხილვა“. 1759 წელს გამოაქვეყნა თავისი ფილოსოფიური ნაშრომი „თეორია მორალური გრძნობების შესახებ“, რომელმაც უდიდესი საერთაშორისო აღიარება მოუტანა. 1762 წელს მიიღო იურიდიული მეცნიერებების დოქტორის ხარისხი.
1764—1766 წლებში სმიტი იმყოფებოდა ტულუზაში, ჟენევაში, პარიზში, შეხვდა ვოლტერს, კლოდ გელვეცის, პოლ გოლბახს, დიდროს, დ’ალამბერის და სხვა ენციკლოპედისტებსა და ფიზიოკრატებს. სამშობლოში დაბრუნებისას იგი ჯერ კერკოლდში, მოგვიანებით კი უკვე ლონდონში ცხოვრობდა, თავის ეპოქალური ნაშრომს, კვლევა ერების სიმდიდრის ბუნებისა და მიზეზების შესახებ 9 წლის განმავლობაში ჰქმნიდა, რომელიც პირველად 1776 წელს გამოიცა.
1778 წლიდან სასაზღვრო სამსახურში ჩადგა ედინბურგში, სადაც თავისი სიცოცხლის ბოლო წლები გაატარა.

წყარო: ქართული ვიკიპედია

[adblockingdetector id="59e92bb7c3879"]